четверг, 20 декабря 2018 г.

ძილის უფლება...





ამ დღეებში გამახსენდა, რომ ბლოგი მაქვს და დიდი ხანია არ შევსულვარ. გადავწყვიტე ამის მერე რამდენადაც მეხერხება, რა თემაზეც დავწერ ბლოგებს ქართულად დავწერო. დროის ნაკლებობის გამო დიდი ხანია არაფერი არ მიწერია.
წელ ნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის წესრიგის მერე გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის ამბებზე. სულ დილით სამსახურში მივდიოდი და საღამოს დაღლილი ვბრუნდებოდი. საოჯახო ამბებისთვის არ მეცალა და არც ვაქცევდი ბევრ დეტალს ყურადღებას. არა და რამდენირამ ხდება ჩვენს გარშემო ოჯახებში, ქალებს შორის. რამდენი წესები და დაუწერელი კანონებია ადამიანების მიერ დაარსებული. გადავწყვიტე ბლოგები დავწერო ქალების საოჯახო გარემოს თემებზე. რადგან უამრავი დეტალია ჩემთვის საინტერესო რაც ამ წელ ნახევარში ვნახე და მოვისმინე.
როცა შორიდან ვუყურებთ ყველაფერი ძალიან ადვილად გვეჩვენება. არადა შიგნით როცა შედიხარ იმდენი წვრილმანებია, რომელიც სხვა ალბათ ვერც მიხვდება. ბევრი წესია რომელიც კანონად გადააქციეს თვით ადამიანებმა.  წელ ნახევარმა დრო -  მომცა იმის საშუალება, რომ სამუშაო სფეროს, ტრენინგების, მოგზაურობების გარდა სხვა სფერო, ცხოვრების სხვა კუთხეც გავიცნო და რამდენადაც შემიძლია გავაანალიზო.
ვაკვირდები და ძალიან აშკარად ჩანს რომ ადამიანების უმეტესობა, უფრო მეტად ქალების უმეტესობა თავისუფალი ცხოვრების გრაფიკისგან შორს ცხოვრობს. მაგალითად საოჯახო ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუწერელი კანონია - ქალმა დილის 7 საათზე უნდა ადგეს. ყოველდღიურ დღის წესრიგში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას ყველა, თვით ქალებიც კი ჩვეულებრივად იღებენ. თითქოს ასე უნდა იყოს და მორჩა. სანამ ოჯახს შევქმნიდი მაშინაც მაქსიმუმ ცხრის ნახევრამდე მეძინა ხოლმე და როცა ოჯახი შევქმენი მაშინაც ასე ვიღვიძებოდი.
მახსოს ნათესავებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა დედას (ამ შემთხვევაში დედამთილს) - „თუ ჩემმა რძალმა დილის 7 საათზე არ ადგა ჩვენ მაგას სახლში ვერ შევაჩერებთო“. მერე იმ ქალმა მე რომ შემხვდა მითხრა დილა უთენია რას გაღვიძებულხარ ძროხებს ხომ არ ძველი. თურმე ადამიანებს რამდენი სახე აქვს და რატომღაც ცდილობენ და უხარიათ სხვის ოჯახებში როცა ქმნიან უსიამოვნებას.
თურმე კარგ რძლად ითვლება ის ვინც დილა უთენია 7 საათზე იღვიძებს. დამიჯერეთ 7 საათზე სიბნელეა და თუ ადგები მაინც უნდა დაელოდო სანამ გათენდება.
ადამიანები თავიანთი ნათქვამებით უბრალოდ ზეწოლას ახდენენ სხვებზე. იმ „ნათესავის“ ნათქვამი სულაც არ იყო უბრალოდ, არც რძალს გააგდებს სახლიდან 7 საათზე თუ არ გაიღვიძა. ოჯახურ ცხოვრებაში ყველას, მეზობლიდან დაწყებული ნათესავებამდე ხელში „დურბინტი“ უჭირავთ და რძალს უთვალთავალებენ, მითმეტეს როცა ახალ დაქორწინებული ხარ - რომელზე გაიღვიძა? საჭმელს ამზადებს? სახლს ალაგებს? ორსულადაა? როდის გააჩენს ბავშვს? - და კიდევ უამრავი შეკითხვები, ჭორები, დისკუსიები და სხვა. ყველა თემაზე ერთ ბლოგში ვერ ისაუბრებ ამიტომ ალბათ თანმიმდევრულად დროის განმავლობაში დავწერ ამ თემებს. ჩემთვისაც ძალზე საინტერესო იყო და არის კიდევაც ამ წვრილმანების გაანალიზება. ვინ მოიგონა ეს დაუწერელი კანონი, რომ ქალმა 7 საათზე უნდა ადგეს მიუხედავად იმისა საქმე აქვს თუ არა. საქმე თუ გაქვს და შენ თუ თვლი საჭიროდ შეგიძლია ადგე, არა იმის გამო რომ ეს ასეა მიღებული.  ახლა სიტუაცია სთხოვს და მეც ვიღვიძებ  დილის 5-6 საათზე რადგან პატარა მყავს და იღვიძება საჭმელად. გართულება არ მაქვს იმაზე რომ 7 საათზე ადგე, გართულება მაქვს იმაზე რომ ეს იძულებულად არ უნდა აკეთოს ქალმა ადამიანების მიერ მიღებული ასე ვთქვათ „საოჯახო წესის“ გამო.
დედა (დედამთილი) სამსახურში მიდის და სულ იღვიძებს 7 საათზე და საჭმელს ამზადებს რომ მთელი დღე სახლში არ იქნება, მე მოვასწრო დანარჩენი საქმეები, თარგმნები და ბავშვის მოვლა. მახსოს მიყვებოდა ახალ გათხოვილი, რომ იყო როგორ იღვიძებოდა და 12 საათამდე ათას ჯერ ჩაიდანს გაათბობდა სანამ ხალხი გაიღვიძებდა და ჩაის დალევდა. მან გადაიტანა ეს პერიოი და ათასი ცოცხალი ისტორია მაქვს მოსმენილი მისგან. როგორც მივხდი თვითონ ქალებმა მიიღეს ეს წესად, რომ ასე უნდა იყოს და ამიტომ ამ თემაზე არავინ არ საუბრობს როგორც  ძილის უფლება და ქალის უფლება. ეს წვრილმანია რაზეც სხვების აზრით შეგიძლია არც ისაუბრო. დედამთილს შეუძლია არც ახლა გაიღვიძოს 7 საათზე და არც მაშინ შეეძლო გაიღვიძებინა როცა თვითონ იყო ახალ გათხოვილი. ძილი ხომ მისი უფლებაც იყო.
ასე რომ ქალებო, ვინც გათხოვდა და მსგავსი შემთხვევა შეხვდა ალბათ გაიგებს მე რისი თქმა მინდა. თუ გათხოვდებით ჯერ „ტურბინტებისთვის“ მზად იყავით. დარწმუნებული ვარ რძლების  უმეტესობა არ იძინებს იმის გამო რომ წესი ასეთია.
აქამდე ქალების უფლებებზე ვინც საუბრობდა სულ მესმოდა რომ ბევრ რამეში მამაკაცებს აბრალებდნენ. მე კი ვფიქრობ თვით ქალები ქმნიან ერთმანეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და ზღუდავენ ერთმანეთის თავისუფლებას. თვით ქალებმა მოიგონეს  ეს დაუწერელი კანონები და 7 საათზე დგომები. იმიტომ რომ რაც ვნახე და მოვისმინე სულ დედამთილები და რძლები ხოცავენ ერთმანეთს დილით ადგომის და სხვა უამრავი ოჯახური წვრილმანების გამო. მამამთილის და რძლის კონფლიქტები კი იშვიათად შემხვედრია, თუმცა არსებობს და სხვა ბლოგებზე მაგაზეც დავწერ.
გარწმუნებთ ქალმა რომელიც თავისი გრაფიკი აქვს, ის ყველაფერს ასწრებს. 5 საათზე ამდგარი ქალიც მინახავს საღამოს მაინც არაფერი არ იცვლება მის ოთახში დალაგების კუთხით.
მე გამიმართლა ამ კუთხით, რადგან ძილზე და გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქვს „ნათესავების“ კატალიზატორობის მიუხედავად. შეიძლება დედას (დედამთილს) გულში სურვილი სულ ჰქონდა მისი რძალიც გაიღვიძოს დილის 7 საათზე და სიბნელეში ეზო დაასუფთავოს, მაგრამ არასდროს უთქვამს მსგავსი რამე. მე თუ არა, ჩვენს გარშემო რაც ხდება მაგაზე უნდა ვისაუბროთ ყველა, თორემ ვერაფერს ვერ შევცვლით. ამიტომ ვთვლი, რომ თუ საზოგადოებისთვის გაქვს რამე ნათქვამი, უნდა დაწერო ბლოგი!
ნუ გგონიათ, რომ ასეთ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში რძლობა ადვილი საქმეა. გარწმუნებთ, ქალების საოჯახო ცხოვრებისეული გამოცდა  მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდებზე ათას ჯერ რთულია, რაც აქამდე ყველაზე რთული გამოცდათ ვთვლიდი ჩემთვის!
მე არ ვცდილობ 7 საათზე დგომებით გავხდე „კარგი რძალი“. 8 საათზეც რომ გავიღვიძო საღამოს ჩვენს სახლში არც დაულაგებელი ადგილი და არც ჭუჭღიანი ჭურჭელი არ რჩება. ადამიანებს უბრალოდ შეფასების კრიტერიუმი გვაქვს სხვანაირი. რაც არის შემფასებელი სულ მაგას არ ვაფასებთ და სხვაზე გავრბივართ. მომდევნო კიდევ უამრავი ბლოგი იქნება და მაგ წვრილმანებზე გაგესაუბრებით ისევ.
ცხოვრებაში ერთხელ იბადება ადამიანი და ერთხელ კვდება. წარმოიდგინეთ, რომ დაიბადეთ და მთელი ცხოვრება რაღაც უაზროდ, ადამიანების მიერ მოგონილი წესებით იცხოვრეთ, არც დაიძინეთ, არც იმოგზაურეთ, არც დაისვენეთ, არც გაიცინეთ როგორც გინდათ და სხვა ათასი არცები არსებობს - ისე მოკვდით. თავისუფლება ყველა წვრილმანშია საჭირო, ძილშიც, კვებაშიც, გასეირნებაშიც, ტელევიზორის ყურებაშიც... ბრძოლა და შრომა უნდა ყველაფერს, ადვილად არაფერი არც ინგრევა და არც შენდება...

Комментариев нет:

Отправить комментарий